წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან რიონის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან რიონის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფელ გეგუთში ქარის გამზომი ანძის დადგმის შესახებ და განიხილეს პროექტთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რიონის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კვლევების აქტიურ ფაზაშია, სამი თვის ვადაში სოფელ გეგუთში მოეწყობა ქარის გამზომი ანძა და განხორციელდება ყველა შესაბამისი ტექნიკური სამუშაო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის განცხადებით, ქარის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტისთვის და მერია მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რიონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კომერციული დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი გველესიანი, განახლებადი ენერგიების ექსპერტი გიორგი სირბილაძე, მომარაგებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი ილია დოდაშვილი, გერმანული საკონსულტაციო კომპანია Fichtner-ის წარმომადგენლები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი.