- 2026-06-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ წყალტუბოში დაიწყო სანიაღვრე წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები წერეთლის, ავალიანისა და ნინოშვილის ქუჩებზე.
მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზედაპირული წყლების დროულ გადინებას. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და შეიქმნება უფრო კომფორტული გარემო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.
„სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სანიაღვრე სისტემა უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებასა და ქალაქის კეთილმოწყობას. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
პროექტის ღირებულება 1 128 302 ლარს შეადგენს.