- 2026-07-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უსინათლო პირებს სპეციალური დამხმარე ტექნიკა გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, 2026 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა უსინათლო პირთა სპეციალური დამხმარე ტექნიკით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებში 76 მკვეთრად შეზღუდული მხედველობის მქონე ბენეფიციარს გადაეცა ქართულენოვანი სპეციალური დამხმარე ტექნიკა: ხმოვანი საათები, წნევის საზომი აპარატები, თერმომეტრები და სისხლში შაქრის დონის საზომი გლუკომეტრები.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ ისაუბრა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სოციალურ პროგრამებზე. მისი განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად აგრძელებს ახალი სოციალური პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერას.
მკვეთრად შეზღუდული მხედველობის მქონე პირთა დახმარების მხრივ დანერგილი ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.
ბენეფიციარებთან შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის მოადგილე გია კვასტიანი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და უსინათლოთა ტექნოლოგიური სტარტაპის „აქსესეითის“ თანადამფუძნებელი დავით ბიბილეიშვილი.
უსინათლოთა ტექნოლოგიური სტარტაპის „აქსესეითის“ თანადამფუძნებელმა დავით ბიბილეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კეთილდღეობას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას.