“ვარდისფერი ოქტომბერი” წყალტუბოში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქალთა ჯანმრთელობაზე, ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. საზოგადოების მხარდაჭერის როლსა და სკრინინგის ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
ღონისძიების დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა მიმართა. დეპუტატმა „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებზე, ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის, სკრინინგის, დაავადების ადრეული გამოვლენისა და მართვის საკითხებზე ისაუბრა.
ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები თავიანთ გამოსვლებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის იმერეთის გამგეობის თავმჯდომარემ მარეხი ნიჟარაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ, თანასწორობის საკითხებში, ირმა ხელაძემ.
ექიმმა – ონკოლოგმა მაკა მაღლაკელიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია და ისაუბრა ძუძუს კიბოს შესახებ, დაავადების ადრეული გამოვლენისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხებზე.
შეხვედრაზე ძუძუს კიბოს პრევენციისა და სკრინინგის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მმართველს მარინა ტყეშელაშვილს, წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს ოჯახის ექიმს მაია მაღლაფერიძეს, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს მაკა მაღლაკელიძეს.
საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაათვალიერეს წყალტუბოს სამხატვრო სკოლის პედაგოგებისა და ტექსტილის დიზაინერების ნონა და ხათუნა ბადირეიშვილების თემატური გამოფენები, მოისმინეს წყალტუბოს სამუსიკო სკოლის პედაგოგთა მიერ შესრულებული ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს ” ქალთა ორგანიზაციის წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.