- 2021-07-26
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საზაფხულო კონცერტები „ხალხური საღამოები“ იმართება.
ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოს ფოლკლორულმა ანსამბლმა “ნადურმა” და ზუგდიდის- “ოდოიამ”, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში კონცერტი გამართეს.
ხალხური ანსამბლების წევრებმა უძველესი ქართული მრავალხმიანი სიმღერები შეასრულეს. ორივე ანსამბლის რეპერტუარში იყო აფხაზური „ ვარადა“ და „ოდოია“. კონცერტი მრავალჟამიერით დასრულდა.
კონცერტს ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ა(ა)იპ. წყალტუბოს კულტურის ცენტრის დირექტორი რევაზ მესხი, საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბადრი პაპავა და სხვები.
„ მოხარული ვარ, რომ პროექტის ფარგლებში იმერეთში სწორედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუნეშში ჩატარდა ეს კონცერტი. მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს, იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდში ქართული სიმღერებით კიდევ ერთი საღამო გაგვილამაზეს“. – განაცხადა მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა.
ფესტივალის ფარგლებში 2 აგვისტოს წყალტუბოს „ნადური“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაემგზავრება.
ფესტივალში „ხალხური საღამოები“ საქართველოს მასშტაბით 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს.