- 2021-11-15
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა მარია შიკომ წყალტუბოს სანატორიუმები, აბაზანები და ბალნეოპარკი დაათვალიერა.
საპატიო სტუმარი მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიიღო. შეხვედრას მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს წყალტუბოსა და უნგრეთის ქ. ჰევიზს შორის პარტნიორობის შეთანხმების შესახებ, რომლის ხელმოწერაც გათვალისწინებულია 2021 წლის 22-23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ მომავალი თანამშრომლობა მოიცავს ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროებს და იქნება სასარგებლო გამოცდილებათა გაზიარებისა და მჭიდრო კავშირის დამყარების თვალსაზრისით.
,,ძალიან შთამბეჭდავი იყო, რაც ვნახეთ წყალტუბოში, შენარჩუნებული შენობებიდან ჩანს როგორი უნდა იყოს სხვა შენობები, ეს ის ადგილებია, სადაც წარსულში ბევრი დამსვენებლი ჩამოდიოდა, რომელიც უნდა განახლდეს და ახალი სიცოცხლე შეიძინოს. ვიმედოვნებ, რომ ქალაქების ჰევიზისა და წყალტუბოს დამეგობრება, მჭიდრო თანამშრომლობა და კარგი გამოცდილების გაცვლა დადებით შედეგს მოიტანს, ყველას ვურჩევ ჩამოვიდეს და ნახოს ეს არაჩვეულებრივი ქალაქი’’- განაცხადა ქალბატონმა ანა მარია შიკომ.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და იმსჯელეს პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.