სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
დასაქმების პროგრამა გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
პროგრამის ბენეფიციარებად ითვლებიან, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები , ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები, გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული პირები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების გარდა, პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია შრომის ბაზარზე არსებული სხვა ვაკანსიებით, ან თვითდასაქმების შემთხვევაში, საქმიანობის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებით. ასევე, ამოქმედდება მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომლის დასრულებამდე შეჩერდება პროგრამის შეთავაზებებზე თანხმობა/უარის თქმის ვალდებულება.თუ ოჯახის წევრებიდან ერთი მაინც ჩაერთვება პროგრამაში ოთხწლიანი ჯავშანი ამოქმედდება.
 ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრს ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.