- 2022-08-30
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 700-მდე სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.
დღეს სააგენტოს წარმომადგენლებმა მონიტორინგის მიზნით, დასაქმებულები ადგილზე აღრიცხეს. შეხვედრის ორგანიზატორი სააგენტოსთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური იყო. სააგენტოს წარმომადგენელმა მიტროფანე ჭყონიამ განმარტა, რომ ეს არის მონიტორინგის პირველი ეტაპი. შემდეგში დასაქმებულთა გადამოწმება სამუშაო ადგილებზე მოხდება.
დასაქმების პროგრამა გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
პროგრამის ბენეფიციარებად ითვლებიან, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები , ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები, გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული პირები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს.
ბენეფიციარები ძირითად დასაქმდნენ სახელმწიფო აიპ-ებში, დასუფთავების კუთხით.