- 2021-02-16
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ გრიგოლ იოსელიანთან ერთად, შპს ,,იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას, ამხანაგობა „გეოჰოლდინგ“ და KSH -ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი დადიანს და ფინანსურ ექსპერტს მაიკლს ნორსს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობა.
პროექტს სახელმწიფო კომპანია „ იმერეთის აგრო ზონა“ ახორციელებს და მას საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ქართულ ჰოლანდიური კონსორციუმი.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 220 ჰა მიწის ფართობზე სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებას წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე ზვიად შალამბერიძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას იმერეთის რეგიონისთვის და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მოუტანს რეგიონის მოსახლეობას ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას, ბიზნესის მართვის თანამედროვე საშუალებებს და მკვეთრად გააუმჯობესებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
არჩილ ბუკიას განმარტებით, შემუშავებულია პროექტის განხორციელების კონცეფცია, მიწის ნაკვეთების ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და საინჟინრო შესწავლა, მოხდა ფართობის სხვადასხვა ტექნოლოგიურ ზონებად დაყოფა – მაღალ, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიურ ზონებად, სადაც შესაბამისი სათბურები განთავსდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სატრენინგო და სადემონსტრაციო რეგიონალური ცენტრის შექმნას, სადაც მოხდება მუშახელის, აგრონომების და მენეჯერების გადამზადება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად.
აქვე შეიქმნება შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მთელ რაიონს მოემსახურება.
კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი დადიანმა, ისაუბრა საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვის პროცესზე, რომელსაც კომპანია 2021 წლის 1 მარტს ოფიციალურად გამოაცხადებს, საჯარო და გამჭვირვალე, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებით, შპს „იმერეთის აგრო ზონას” დაგეგმილი აქვს მიიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობისათვის.