მოქალაქეთა უკუკავშირის პლატპორმის გაძლიერება — ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე ვებგვერდის მართვასა და სოციალური პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულ მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისებისა და პროგრამების შეფასების მიზნით შექმნილი უკუკავშირის პლატფორმის ავტორ, არასამთავრობო ორგანიზაციის „LDA GEORGIA”-ს  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პლატფორმის გაძლიერებისა და დამატებითი მიმართულებებით მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი მოსაზრება დააფიქსიროს მუნიციპალური სერვისებითა და პროგრამებით მიღებული სარგებლიანობის შესახებ.
თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი კომუნიკაციის აღნიშნული ფორმით მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს ეფექტიანობის საზომად და სამომავლოდ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული, გაუმჯობესებული პროგრამების შედგენის მიზნით.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში პლატფორმის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა IT სპეციალისტის დახმარებით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს პლატფორმით სარგებლობისათვის აუცილებელი გამოცდილების დაგროვებას. დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება მუნიციპალიტეტის სამ სოფელში. მოსახლეობას პროექტის ავტორები თავად აუხსნიან უკუკავშირის პლატფორმის შექმნის მიზანსა და შინაარსს.
პლატფორმის საშუალებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ვინც  ისარგებლა მუნიციპალური სოციალური პროგრამებით, საშუალება აქვს ელექტრონულად დააფიქსიროს თავისი  მოსაზრება მიღებული სერვისების შესახებ.