წყალტუბოში ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 140 წლისთავი აღინიშნა

  დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ნოველისტის ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 140 წელი გავიდა.
  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა გვირგვინით შეამკეს მწერლის ბიუსტი, რომელიც წყალტუბოში გასულ წელს საზეიმოდ გაიხსნა.
  ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს იმერელი თავადებისა და ,,ფიცის კაცების’’ შთამომავალი, რომლისთვისაც ქართველობა და ღირსება იყო განუყოფელი ცნებები. ისაუბრეს „ქართველი პრინცის“ ცხოვრების წესზე, სამშობლოს ჭეშმარიტ გულშემატკივრობასა და სიყვარულზე, უბადლო ნიჭიერებზე, წერის განსაკუთრებულ სტილზე. აღინიშნა, რომ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებები დღესაც არ კარგავს აქტუალობას და შეგვახსენებს ისეთ ფასდაუდებელ ცნებებს როგორიცაა : თავისუფლება, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარული, რწმენა, ქართული სულისა და გენის გადარჩენისთვის ბრძოლა.
“წელს პანდემიის გამო ვერ აღინიშნა ეს თარიღი ისე, როგორც დიდ ნიკოს ეკადრებოდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩავატარებთ მასშტაბურ ღონისძიებას ნიკო ლორთქიფანიძის მამულში, სადაც განსაკუთებით უყვარდათ და ეამაყებათ მწერალი’’-განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს წყალტუბოს ერთ პატარა სოფელ ჩუნეშში. მწერლის წინაპრებს „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის პაპა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან.
თავის დროზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო მწერლის მამა – მერაბ ლორთქიფანიძეც. მას ერთ-ერთ პირველს, ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის გატარებამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. მწერლის დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო.
ბინას, რომელშიც ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“. აღნიშნული პერიოდიც ფათერაკებიანი აღმოჩნდა მწერლისათვის, ერთი ლექტორი, შეურაცხმყოფელი გამოსვლის გამო, დუელში გამოუწვევია. დუელი „ქართველი პრინცის“ გამარჯვებით დასრულებულა.
დუელში ჩაბმა ნიკო ლორთქიფანიძეს მოუხდა რუს ოფიცერთან, რომელმაც ქართველები მასხრად აიგდო.