- 2022-03-16
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის (MC) პირველი შეხვედრა გაიმართა.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, წყალტუბოს მერიის, ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის მახლობლად მცხოვრები დასახლებების, სამეცნიერო სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომიტეტის შემადგენლობაშია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე. სოფელ უკანეთის ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
კომიტეტის პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, წევრები დეტალურად გაეცნენ მონიტორინგის კომიტეტის ზოგად მიზნებს, კომპეტენციებსა და ამოცანებს. ასევე, წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები მონიტორინგის ფუნქციონირების შესახებ. წევრებს კომპანიამ გააცნო მონიტორინგის კომიტეტის კონცეფცია და შესთავაზა მოსაზრებების/წინადადებების წარმოდგენა, კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე დაგეგმილია კომპანიის მიერ აღნიშნული დებულების წარდგენა და კომიტეტის მიერ დამტკიცება.
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების სისტემის მოწყობა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტი ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით.