წყალტუბოში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

წყალტუბოში საერთაშორისო ფორუმი „კომპოსტირება მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკისათვის“ გაიმართა
ფორუმი საერთაშორისო პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის“ (Smart4Rural) ფარგლებში ჩატარდა და მასში ოთხი ქვეყნის-საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვასა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფორუმი გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და თურქეთის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა და მწვანე ეკონომიკის განვითარება საერთო გამოწვევებია, რომელთა გადაჭრაც თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. წყალტუბოში კომპოსტირების ცენტრის ფუნქციონირება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავეცნოთ კომპოსტირების მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და ხელი შევუწყოთ მწვანე, ჯანსაღი გარემოს შექმნას“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ძირითად აქტივობებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე ისაუბრეს ქალაქ უნგენის (მოლდოვა) მერის მოადგილემ ედუარდ ბალანმა, ორგანიზაცია „ტექნოპოლ გალაცის“ (რუმინეთი) წარმომადგენელმა ლაურენტიუ დრასოვეანმა და პროექტის კოორდინატორმა რიზეს მუნიციპალიტეტიდან (თურქეთი) მუსტაფა ბალტაშმა.
ფორუმის მონაწილეებს პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის“ შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ.
ფორუმის მონაწილეები გაეცნენ ნარჩენების მართვის სტრატეგიებისა და კომპოსტირების გამოცდილებას პროექტში ჩართული ქვეყნების – საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და თურქეთის წარმომადგენელთა პრეზენტაციების საშუალებით. განხილვის მთავარი თემები იყო სათემო კომპოსტირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამომავლო თანამშრომლობა.
ფორუმს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნახატები და ნარჩენებისგან შექმნილი ნამუშევრები. ასევე, მონაწილეობა მიიღეს კომპოსტირების პრაქტიკულ სამუშაოებში.
დღესვე, ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს წყალტუბოს კომპოსტირების ცენტრის მშენებლობის პროცესი და შპს „ჰერბიას“ მეურნეობა, სადაც წარმოდგენილი იყო ბიოპროდუქტი.