- 2023-06-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების სურვილი მხარი დაუჭირონ ახალგაზრდულ ინიციატივებს და გაითვალისწინონ მათი მოთხოვნები და ინტერესები თავიანთ საქმიანობაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა სასტუმრო “პრომეთეს” საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო და საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწე აქტიურ მოქალაქეებს არასახელმწიფო საერო საჯარო სკოლა “ოცნების” დირექტორმა, ირინა ცაავამ სკოლის მიღწევები და გამოწვევები გააცნო. აღნიშნა, რომ სკოლის არაერთი კურსდამთავრებული აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და თავისი წვლილი შეაქვს მის წინსვლასა და განვითარებაში. სკოლის მიერ არაფორმალური განათლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს კარგად იცნობდნენ თავიანთ ქალაქს, იყონ ინფორმირებულნი აქტუალური პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მათ პროფესიისა და სამოღვაწეო სფეროს არჩევისას მუნიციპალიტეტისათვის საჭირო და სასარგებლო დარგებზე შეაჩერონ ყურადღება და ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდნენ თავიანთ ქალაქს.
შეხვედრა დასრულდა, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამარ გუმბერიძის ორგანიზებითა და მეცხრე კლასელთა ჩართულობით მომზადებული პოეტური კომპოზიციით, რომლითაც მსმენელს ესთეტიკური აღზრდის მნიშვნელობა და ემოციური სიტყვის ძალა ცხადად აგრძნობინეს და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჩანქსელიანი, ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’” თავმჯდომარე, გიორგი ფაჩუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო ორგანოების სხვა წარმომადგენლები.