- 2025-04-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

14 აპრილს, საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამ თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა თემატური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას მერის მოადგილე გია კვასტიანი და კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართული ენის წარმოშობის, ენის სიწმინდის დაცვის, დიალექტების, დამწერლობის, ასევე, წარმოშობით წყალტუბოელი ქართველი ენათმეცნიერების – გიორგი ახვლედიანისა და შალვა ნუცუბიძის ღვაწლის შესახებ, ისაუბრეს ცნობილი მწერლების – ოტია იოსელიანისა და ნიკო ლორთქიფანიძის სამწერლო ენაზე.
პრეზენტაციები წარმოადგინეს ქალაქის I, II,III, IV, საჯარო სკოლების, მართლმადიდებლური სკოლა -გიმნაზიის, სკოლა „ოცნების“, მაღლაკის, ბანოჯის, გვიშტიბის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ღონისძიების მეორე ნაწილი ქართული ენის კალიგრაფიას მიეძღვნა. კალიგრაფიის მასტერკლასი აკ. წერეთლის სახელობის IV კურსის სტუდენტმა ინა ჟორჟოლიანმა ჩაატარა.
ქართული ენისადმი მიძღვნილი დღის ღონისძიების ორგანიზატორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (მერის ახალგაზრდულ საბჭოსთან ერთად) და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების წარმომადგენლები.
ღონისძიების ბოლოს მერის მოადგილემ გია კვასტიანმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა მონაწილეებს სიგელები გადასცეს.