- 2024-03-01
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში: რა? სად? როდის? ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივითა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში წყალტუბოში ამიერიდან მერიის გამორჩეული თანამშრომლის, წყალტუბოში ” რა? სად? როდის? თამაშის დამფუძნებლისა და პირველი თაობის წარმომადგენლის, ზურაბ მურვანიძის სახელობის იქნება.
მერის მოადგილემ, გრიგოლ ყურაშვილმა ზურაბ მურვანიძის ინტელექტუალურ და ადამიანურ ღირსებებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ” რა? სად? როდის? ” თამაშებში მისი ღვაწლი მნიშვნელოვანია.
” ზურაბ მურვანიძე ნამდვილად დააკლდა ჩვენს ქალაქს,
ინტელექტის სიმბოლოდ ზურა თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, სამწუხაროდ სულ 3 თვის წინ ნაადრევად გარდაიცვალა და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ამიერიდან წყალტუბოში ყოველთვის ჩატარდება ზურას სახელობის ინტელექტუალური თამაშები”_ – აღნიშნა გრიგოლ ყურაშვილმა.
შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზურაბ მურვანიძის ხსოვნას.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა ახალგაზრდებს ზურაბ მურვანიძის მეუღლე- თეა ჭუმბურიძე წარუდგინა, რომელიც ასევე ინტელექტუალური თამაშების დამფუძნებელია წყალტუბოში.
მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან “რა? სად? როდის? ” თამაშში სულ 10 სკოლა მონაწილეობდა .
ღონისძიება მიჰყავდა გიორგი ქორიძეს.
პირველ ადგილზე ქალაქის მეორე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი მე- 4 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილისთვის დამატებითი რაუნდი სკოლა ,,ოცნებისა” და პირველი საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა. საბოლოოდ პირველმა სკოლამ მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი.
გამარჯვებულ გუნდს მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, “ბროლის ბუ” ზურაბ მურვანიძის მეუღლემ თეა ჭუმბურიძემ გადასცა.
მეორე და მესამე ადგილების მფლობელ გუნდებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ინტელექტუალური თამაშები სკოლებს შორის ყოველწლიურად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.