- 2026-02-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მამუკა ჩხეტიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მერის განცხადებით, სოფელ ბანოჯის, სორმონისა და გვიშტიბის საჯარო სკოლებში ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. უკვე შეიცვალა სახურავები, წესრიგდება შენობების ფასადები, დერეფნები და სასწავლო სივრცეები, მიმდინარეობს გათბობის სისტემების მოწყობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მერის წარმომადგენლებთან და შესაბამისი სკოლების დირექტორებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასკოლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე. როგორც აღინიშნა, ხარისხიანი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებასთან, მოტივაციასთან და ზოგად განვითარებასთან. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის სკოლების მოსწავლეებისთვის და წარმოადგენს განათლების სისტემის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ამ ეტაპზე ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გეგუთის N2, გვიშტიბის, ბანოჯის, სორმონის საჯარო სკოლებში, ასევე სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლასთან არსებულ მეორე უბნის დაწყებით სკოლაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 39 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.