- 2024-09-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის “სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, პროექტში მონაწილე ქვეყნების: საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთია და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ მიმართა, პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “სპექტრის” ხელმძღვანელმა ქეთევან ცხაკაიამ ისაუბრა. ბიონარჩენების ევროპული პოლიტიკისა და გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია ასოციაცია ტექნოპოლ გალაცის (რუმინეთი) თანაკოორდინატორმა ლაურენციუ დრასოვიანმა წარმოადგინა. მოლდოვის ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ქალაქ უნგენის ნარჩენების სეპარირების შესახებ ვიქტორია დარიემ (უნგენის მერია, მოლდოვა) ისაუბრა. თურქეთის ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მუსტაფა ბალტაჩიმ, რიზეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. “მინდა გითხრათ, რომ ბიოდეგრადირებული ნარჩენების გადამუშავება და კერძოდ, კომპოსტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით წარმოვქმნით ამ ტიპის ნარჩენებს და ის გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებს და, კერძოდ,რუმინეთს, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო”, – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ქეთევან ცხაკაიამ. საერთაშორისო პროექტი “სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის – Smart4Rural” ხორციელდება ევროკავშირის (INTERREG V-B) შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT პროგრამის ფარგლებში. პროექტის წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), უნგენის მერია (მოლდოვა), რიზეს მუნიციპალიტეტი (თურქეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი“ და მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრი (მოლდოვა). პროექტის ხანგრძლივობაა – 26 თვე პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს, მოლდოვისა და თურქეთის შერჩეული მუნიციპალიტეტების სასოფლო თემების მდგრად განვითარებას ბიოდეგრადირებადი ნარჩენების რეციკლირება/კომპოსტირების სფეროში ევროკავშირის ინოვაციური გადაწყვეტილებების საუკეთესო გამოცდილების დანერგვითა და დემონსტრირებით.