- 2021-09-29
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საპატიო მოქალაქის ტიტული 6 ღირსეულ წყალტუბოელს: საქართველოს დამსახურებულ კინომატოგრაფისტს, პირველ ქართველ კინოოპერატორ ქალს ვიოლეტა ქაროსანიძეს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორსა და კომუნიკაციების კომისიის მრჩეველს, მეცნიერებათა დოქტორს რევაზ სვანიძეს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსს როზა ლორთქიფანიძეს, პედაგოგსა და დამსახურებულ ეკონომისტს ბონდო ბერიძეს, ინჟინერ-მშენებლს ნუგზარ კიკნაძესა და ინჟინერს თეიმურაზ ბაბუნაშვილს გადაეცათ.
საპატიო მოქალაქეებს სპეციალური ჯილდოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ, მერის მოადგილეებმა ზურაბ მაისურაძემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ბადრი პაპავამ გადასცეს.
,, შემოდგომის წყალტუბო’’ ჩვენთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, ამ დღეს ტრადიციულად პატივს მივაგებთ და გაწეულ ღვაწლს ვუფასებთ იმ გამორჩეულ წყალტუბოელებს, რომლებიც ქვეყანას და მშობლიურ ქალაქს ათეული წლები ემსახურებოდნენ. მჯერა, რომ განახლებული წყალტუბო ამ ტრადიციასაც გააგრძელებს და ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს უამრავ სტუმარს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი კიდევ ბევრ სასახელო მამულიშვილს აღუზრდის საქართველოს’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
დაჯილდოების ცერემონია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის” მმართველის მოადგილეს ლილი გელენიძეს მიჰყავდა, ღონისძიებაზე ანსამბლმა ,,ნადურმა” ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.