- 2022-03-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ნახატების კონკურსი ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ გარემოსდაცვითი ნახატების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
კონკურსი საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ფარგლებში ორ ეტაპად გაიმართა და მასში 12 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. შემაჯამებელ ეტაპზე, სკოლების მიერ წარმოდგენილი 33 საუკეთესო ნამუშევრიდან გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
სიგელები და საჩუქრები გადაეცათ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს: ელგუჯა კობერიძეს, ირინე ჭეიშვილს, ანანო კობერიძეს, ლინდა ჩოგოვაძეს, ლუკა ჭიღლაძეს, ნინო ბერიას, მარიამ მარდალეიშვილსა და ლიზი დემჩენკოს. მერის რჩეული გახდა და სიმბოლური საჩუქარი მიიღო დემეტრე იმედაძემ.
,,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მიმართულებით, სწორედ ამ მიზნით გაიმართა კონკურსი. მიხარია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი ხედვა გარემოსდაცვითი პრობლემის შესახებ საინტერესოდ წარმოადგინეს, კონკურსი ჩატარდა ობიექტურად და წარმატებით, წინ კიდევ ერთი ეტაპია, საუკეთესო ნახატები აიტვირთება პროექტის ფეისბუქ გვერდზე და გამოვლინდება რჩეული ნამუშევარი“ – აღნიშნა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ.
,, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მიიღო გრანტი, რომლის საშუალებითაც წარმატებით ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბევრი საინტერესო, შემეცნებითი აქტივობა ხორციელდება ’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი’’.