დღეს წყალტუბოს ცენტრალურ პარკში სტარტი აიღო მსოფლიო ველომოყვარულთა საერთაშორისო ტურმა

დღეს წყალტუბოს ცენტრალურ პარკში სტარტი აიღო მსოფლიო ველომოყვარულთა საერთაშორისო ტურმა „GOLDEN FLEECE” – TRONHY GEORGIA”-მ. სიმბოლური ჯილდო „ოქროს საწმისი“ გამარჯვებულ ველოსიპედისტს წყალტუბო – ცაგერი – ამბროლაურის გავლის შემდეგ გადაეცემა.
„ოქროს საწმისის“ მოსაპოვებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 55 ველომოყვარული დისტანციის სწრაფად დაძლევაში შეეჯიბრება ერთმანეთს (ტურნირის მონაწილეებს შორის 5 ქალი ველომრბოლელია).
როგორც ტურნირის ორგანიზატორი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, საერთაშორისო სამოყვარულო ველოტურის GOLDEN FLEECE” (ოქროს საწმისის) იდეა სლოვაკელ ველომრბოლელს პიტერ დენისს ეკუთვნის.
„ ორივე ქვეყანას გვაქვს ჩვენი რაჭა, მეგობრობის ტრადიცია გრძელდება და ამიტომაც ფინიში რაჭაშია – ამბროლაურის რაიონში. დღეს ველომრბოლელებს მოუწევთ 110 კმ დისტანციის და 220 ვერტიკალურო მეტრის დაფარვა,“ – აღნიშნა ტურნირის ორგანიზატორმა.
ველოტურის მხარდამჭერია ბრიტანეთოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი, რომელმაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გენადი ბალანჩივაძესთან ერთად წარმატებები უსურვა მოყვარულ სპორტსმენებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, რომ ტურნირის გამარჯვებულს სიმბოლურ ჯილდოს გადასცემს.
სასტარტო ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
ველომრბოლელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტარტს უკვე მეორე წელია წყალტუბოდან იღებენ.