მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს და საბჭოს თავმჯდომარედ ზურაბ ჯანელიძე აირჩიეს.
მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, აუცილებელია მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი ინტერესებისა და მოთხოვნების ერთობლივი განხილვა, წყალტუბოს განახლებისა და განვითარებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ახალგაზრდები, რომლის ორი წარმომადგენელი უკვე არის მრჩეველთა საბჭოს წევრი. მერიამ მოიპოვა დაფინანსება რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სანიტარიული წერტილების მოწყობის შესახებ, გამოცხადდა ტენდერი წყალტუბოში, რკინიგზის სადგურიდან სამუსიკო სკოლის მიმდებარედ გზისა და ხიდის რეაბილიტაციის შესახებ, მოეწყო ღვარსადენი არხი დევნილთა დასახლებაში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ქალაქის გამწვანების მხრივ, დაირგო 964 მარადმწვანე მცენარე, ქალაქის ტერიტორიაზე დაწყებულია ახალი ნაგვისშემკრები კონტეინერების განთავსება, მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, მალე შეიძენს ახალ ნაგავმზიდ ტექნიკას, ცენტრალურ პარკში მოეწყო სველი წერტილები’’ -განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შვიდი წელია არსებობს. საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების განხილვა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება.