ოტია იოსელიანის დაბადებიდან 93 წლის იუბილე აღინიშნა

წყალტუბოში, უახლესი ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, სახალხო მწერლის, მხატვრული სიტყვის ოსტატის -ოტია იოსელიანის დაბადებიდან 93 წლის იუბილე აღინიშნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მოადგილემ სერგო კირკიტაძემ და ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა მწერლის იგავ – არაკები და ლიტერატურული სპექტაკლი „დაჩის მოგზაურობა მზის ქვეყანაში“ წარმოადგინეს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ოტია იოსელიანის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ოტია იოსელიანის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა და სწორი დასკვნების გამოტანა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის აქტიურ მონაწილეებს დიპლომები გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოტია იოსელიანის საკვირაო სკოლა 2013 წელს გაიხსნა და აერთიანებს რამდენიმე წრესა და სექციას.
მწერლის დაბადებიდან 93 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.