პროექტს «პატრიოტი დიასპორელი” წყალტუბოს მუნიციპალიტეტი შეუერთდა

საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტს «პატრიოტი დიასპორელი” წყალტუბოს მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ უცხოეთში მცხოვრები მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას ითვალისწინებს.
ოტია იოსელიანის სახელობის ქ. წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლა საქართველოში უკვე მეოთხე სკოლაა, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება.
დღეს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და საგანმანათლებლო ფონდის – „საქართველო ემიგრანტების“ წარმომადგენელმა საქართველოში, აკაკი წერეთლი სახლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან კინწურაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი .
 ფონდი ,,საქართველოს ემიგრანტები” გერმანიაში მცხოვრები ნინო ციბაძისა და გიორგი მჭედლიშვილის ოჯახის პატრონაჟით ფუნქციონირებს.
„პროექტი არის უფასო და მასში მონაწილეობა შეუძლია დიასპორაში მცხოვრებ ქართული წარმოშობის მოზარდებს, მიუხედავად საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა, პირველი კლასიდან 12 კლასის ჩათვლით.
პროექტის მიზანია ემიგრაციაში მყოფმა მოსწავლეებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს.
,,საჯარო სკოლების შერჩევა მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე.
პროექტში ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და 9 ქვეყნის საელჩო ‘ – განაცხადა „საქართველოს დიასპორის“ წარმომდგენელმა ქეთევან კინწურაშვილმა.
მემორანდუმის გაფორმებას და საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
,,პროექტი „პატრიოტი დიასპორელი’’ უპრეცედენტოა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები პირველად შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში სასწავლო პროცესში გარკვეული ხნით ინტეგრირებას. პროექტის ფარგლებში მოხდება მათი საქართველოში მცხოვრებ თანატოლებთან დაახლოება, ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობა, საფუძველი ჩაეყრება ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდების ფესვებთან დაბრუნებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ
როგორც პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ აღნიშნა, უკვე დარეგისტრირებულია ორი ქართველი მოსწავლე საბერძნეთიდან, რომლებიც წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში დროებით ისწავლიან.