ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ივერიამ” სადებიუტო კონცერტი გამართა

17 მაისს საკონცერტო დარბაზ “ივერიის” სცენაზე ახლად დაარსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ივერიამ” სადებიუტო კონცერტი ფოლკლორულ ჯგუფ “ნადურთან”ერთად, გამართა და ფართო აუდიტორიას ქართული ტრადიციული ხელოვნების ნამდვილი ზეიმი მოუწყო.
ქართული პროფესიონალური ცეკვის ანსამბლის შექმნის ინიციატორი და აქტიური მხარდამჭერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძეა.
საზეიმო საღამოს მსვლელობისას 40-მა პროფესიონალმა მოცეკვავემ 10 ქართული ცეკვა აჩვენა მაყურებელს.
გენადი ბალანჩივაძემ მადლობა გადაუხადა მუსიკოსებს , მოცეკვავეებს და ყველა მონაწილეს გაწეული შრომისთვის.
„ დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართული ცეკვის დიდი ზეიმი. დარწმუნებული ვარ, რომ ანსამბლი “ივერია” ღირსეულ კვალს დატოვებს ქართულ ქორეოგრაფიაში. მზად ვარ, სრული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის„ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს ქორეოგრაფიული ანსამბლის პირველ კონცერტს ასევე ესწრებოდნენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე იური ტორაძე და იმერეთის რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე – გია ტყვაცირია.
კონცერტს ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ წყალტუბოს კულტურის ცენტრმა და ანსამბლ – „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.