საახალწლო მილოცვა

ძვირფასო თანაქალაქელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, ურთიერთსიყვარულის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისათვის, ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანისთვის! გულითადად გილოცავთ ახალი წარმატებებისა და მიღწევების, ახალი იმედების დღესასწაულს!
გასული წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებითა და ცვლილებებით გამორჩეული წელი იყო, როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, მხარს უჭერს ქვეყნისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ დაგეგმილ, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ პროექტებსა და ინიციატივებს. ამავე დროს, თითოეული ჩვენგანის სწორი არჩევანი და გააზრებული ქმედება, ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ, ქმნის განვითარებისა და წინსვლისათვის საჭირო გარემოს, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შესაბამის პირობებს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მხრივ, წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ახალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, წამოვიწყებთ ახალ საქმეებს, რომლებიც წყალტუბოს დაუბრუნებს ძველ დიდებას და აქცევს თანამედროვე მსოფლიოს კონკურენტუნარიან, მაღალი დონის საერთაშორისო სპა-კურორტად. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ გზაზე პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მზად გვაქვს წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც ღრმა და საფუძვლიან კვლევებს ეფუძნება. მასზე დამყარებული სამომავლო პერსპექტივა ქალაქის ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის, ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერების მიზნებს ემსახურება. და ეს მხოლოდ დასაწყისია! საამაყოა, რომ ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმულია.
წყალტუბო ყოველთვის იყო უნიკალური სამედიცინო რესურსის მქონე, მისი ისტორია კი, თერმულ წყლებთან ერთად, წარმოადგენს დღეს ჩვენი სიამაყისა და სამომავლო გეგმების შეუცვლელ საფუძველს. ჩვენთვის ეს სიმდიდრე და მისი პატრონობა არის საამაყო და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და მომავალ თაობას გადავცეთ იგი მოვლილი ინფრასტრუქტურით, ეკონომიკით, ტურისტული სივრცეებით. და ეს კიდევ ყველაფერი არ არის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წინსვლის მთავარი საფუძველი განათლებული, კეთილგანწყობილი, აქტიური და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან. თქვენ ხართ მომავლის მთავარი ძალა და იმედი. ყოველი ახალი წამოწყება და მიზანი თქვენი ძალისხმევითა და თანადგომით უნდა დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რათა ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ მშვიდობიან, ძლიერ ქალაქში, შევქმნათ ძლიერი ოჯახები და ვაშენოთ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დამყარებული ურთიერთობებით ძლიერი ქვეყანა, ღირსეული სიტყვა ვთქვათ ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, დამდეგ ახალ წელს! ყველა ოცნება აგსრულებოდეთ! თანადგომით, მშვიდობით, დღეგრძელობით,პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით ჩვენ ერთად ვივლით უკეთესი მომავლისაკენ!!!
წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე