წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა და კონკრეტული დავალებები გასცა.
,,დღეს დილიდან აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი, პირველ რიგში რეაბილიტაცია უტარდება იმ კორპუსებს, რომლებიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა, სპეციალისტები 10 ლოკაციაზე მუშაობენ, სამუშაოები გაგრძელდება, სანამ ყველა დაზიანებული შენობის სახურავი არ იქნება აღდგენილი’’-განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
 მერთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, მერის მრჩეველმა ნიკა აფხაძემ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ ღიბრაძემ.
11- 14 იანვარს ძლიერი ქარების შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 230 კერძო მოსახლის სახლი და 46 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი საჭიროებს რეაბილიტაციას. ზარალის ოდენობამ ჯამში 1 885 593 ლარი შეადგინა.