წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა.
ქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი ესწრებოდნენ.
ახალი საგანმანათლებლო მულტიფუნქციური სივრცის შექმნის იდეა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულს ქალბატონ შორენა იოსელიანს ეკუთვნის. ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი ფართის რეაბილიტაცია, ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა, ასევე ახალი წიგნადი ფონდის შეძენა ადგილობრივი ბიზნესმენების ბესიკ და ოთარ იოსელიანების თანადგომით გახდა შესაძლებელი.
,,კაცობრიობის განვითარების ისტორიაში უდიდესია წიგნის როლი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში გამოწვევად რჩება მომავალი თაობის წიგნით დაინტერესება. სამყაროში არსებული გამოცდილებისა და საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილი ცოდნის გაზიარება აუცილებელია პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდებმა ცოდნის სამყაროში იმოგზაურონ, საინტერესო საკითხებზე იმსჯელონ, ვფიქრობ, რომ ჩვენთან ასეთი გარემო უკვე შექმნილია, სკოლისა და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქალბატონ შორენა იოსელიანის დახმარებით, ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია ‘’ – აღნიშნა მე-3 საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ კაკაბაძემ.
თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკის გახსნის ფაქტი დადებითად შეაფასეს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.
,,წყალტუბო ყოველთვის გამოირჩეოდა ისეთი ადამიანებით, რომელიც ქალაქის ისტორიას წერდნენ, რომელთა ცხოვრების წესი იყო თანაქალაქელთა დახმარება და მოყვასის სიყვარული. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებისთვის შეიქმნა კომფორტული და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
წიგნის როგორც ცოდნის მიღებისა და სულიერების ამაღლების ერთადერთი საშუალების შესახებ ისაუბრეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა, მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელმა ქეთევან სირბილაძემ და ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა კახაბერ ჩაკვეტაძემ.
დღესვე, ბიბლიოთეკაში მე-3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.