წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფელ პატრიკეთსა და მუხიანში ახალი სახლების მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა.
,,მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება და მათი გაძლიერება, ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის, არის მთავარი პრიორიტეტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახების თანადგომისა და მხარდაჭერის ახალი სოციალური პროგრამა 2023 წელს დაინერგა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით ადგილობრივ ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი, ახალმოსახლეობას ორი სოციალურად დაუცველი ოჯახი წლის ბოლომდე იზეიმებს, მომავალ წელს კი 10 ახალი სახლის აშენებას ვგეგმავთ“- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
დღესვე, მუნიციპალიტეტის მერი სოფელ გეგუთისა და ოფშკვითში იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მივიდა, რომლებსაც 2023 წლის ბიუჯეტით, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა შეუძინეს, როგორც გენადი ბალანჩივაძე აცხადებს, ამ ეტაპზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართულია კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 6 ოჯახი.