წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენეს.
სოფელ მუხიანსა და პატრიკეთში მცხოვრებ ილია ჩიტაიშვილისა და სარდიონ შენგელიას ახალ საცხოვრებელ სახლებში გადასვლა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახების თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით ახალი სოციალური პროგრამა 2023 წელს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით დაინერგა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 100 000 ლარი იყო გამოყოფილი.
,,რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად არაერთი პროგრამა ხორციელდება. ერთ-ერთი პროგრამის ეგიდით წყალტუბოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი სახლები ავუშენეთ. ამ ადამიანებს ძალიან სჭირდებოდათ საცხოვრებელი და დღეიდან ისინი კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის სახლების აშენება არის კარგი ინიციატივა, რომელიც ბოლო წლებია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროცესი გაგრძელდება და ასეთი ოჯახები ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლებით“- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ.
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დავნერგეთ ახალი სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში წელს ორი ახალი სახლი ავაშენეთ და სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახებს გადავეცით. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ათი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომლებიც ასევე, უსახლკარო, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ”- აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ
სოფელ მუხიანში ილია ჩიტაიშვილის სოციალურად დაუცველი, ხუთსულიანი ოჯახი წლების განმავლობაში ავარიულ სახლში ცხოვრობდა. სოფელ პატრიკეთის მკვიდრი სარდიონ შენგელია ხუთი მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, ძველი ხის სახლის ნაცვლად, ისინი უკვე, ახალ სახლში აგრძელებენ ცხოვრებას. გარდა, ახალი სახლებისა, განსაკუთრებული საჭიროებების ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკაც გადაეცათ.
აღნიშნული ოჯახებთან საჭიროებების კვლევაზე მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხების კოორდინატორი ირმა ბენიძე და სოციალური მუშაკი დარეჯან მიქაუტაძე.