წყალტუბოში, გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა

წყალტუბოში, გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ მხარეში, სადაც სპა კურორტი, მღვიმეები და ისტორიული ადგილები კომპლექსურად ქმნის ქვეყნის განსაკუთრებულ ტურისტულ ნიშას, გიდის პროფესია აღიარებული და დაფასებულია.
ღონისძიების ორგანიზატორი წყალტუბოს მერია და ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი” იყო.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდა წლის საუკეთესო გიდი (ქალი , მამაკაცი), გიდი მრავალწლიანი გამოცდილებით და ყველაზე ახალგაზრდა გიდი. ნომინაციებში გამარჯვებულებს სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გადასცა.
,,გენერალური გეგმის მიხედვით წყალტუბო მსოფლიო დონის უნიკალურ სპა კურორტად უნდა გადაიქცეს, ამ მხრივ პირველი ნაბიჯები გადადგმულია, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, კურორტი ვითარდება, კარგ გიდს ძალიან დიდი როლი აკისრია ქართული კულტურის, ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის ვიზიტორებისთვის გაცნობასა და წარმოჩენაში, გიდები არიან ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩები, მათ დაფასება და ხელშეწყობა სჭირდებათ, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სთავაზობენ აქ ჩამოსულ ვიზიტორებსა და დამსვენებლებს მომსახურების საუკეთესო სერვისებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ასპარეზზე კურორტის პოპულარიზაციის საქმეში”- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
ღონისძიებაზე “წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის მმართველმა” ვერა ზურაბიანმა გიდების სასწავლო გადამზადების იმ კურსებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წყალტუბოს ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის დაფინანსებით 2020 წლიდან ინტენსიურად ხორციელდება ( უკვე გადამზადდა 20-ზე მეტი ადგილობრივი გიდი სხვადასხვა მიმართულებით ).
გიდის საერთაშორისო დღის ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ბიზნესის, ტურისტულ სექტორის, სასტუმროების და ღვინის მარნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გიდების სასწავლო ცენტრის ” ედუმედიატორ+” ის დამფუძნებელი ჟანა მემარნიშვილი და DMO იმერეთის წარმომადგენლები.
საზეიმო ცერემონიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ აჭარის მხარის წლის საუკეთესო გიდი სტატუსის და “ბათუმის მაგნოლიას” მფლობელი თამარ ორაგველიძე და ბათუმის ცნობილი გიდი ნონა კვასტიანი.
2021-2022 წლის საუკეთესო გიდები იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების სააგენტომ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. ესენი არიან პრომეთეს მღვიმის გიდები ციალა ფანცხავა და კახაბერ ბაკურაძე.
ნომინაციაში “გიდი მრავალწლიანი გამოცდილებით” გამარჯვებული გახდა ელგუჯა მელქაძე ( “წყალტუბოს თერმული წყლები”), ყველაზე ახალგაზრდა გიდის ტიტული კი 17 წლის მარიამ იობიძემ მიიღო.