წყალტუბოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

წყალტუბოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის დამსახურებული და წარმატებული პედაგოგებისთვის ღონისძიება თეთრა მღვიმეში მოეწყო, დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად წყალტუბოს სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის N 1 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, ღვაწლმოსილი პედაგოგის დალი სილაგაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
 გამორჩეულ პედაგოგებს სპეციალური სიგელები წყალტუბოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ, სსიპ წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ გადასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ პედაგოგები ნამდვილი გმირები არიან და მათ განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება სჭირდებათ.
წყალტუბოელმა პედაგოგებმა და ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს სკოლისა და მასწავლებლის განუსაზღვრელ როლსა და იმ ღვაწლზე, რომელიც მომავალი თაობებისთვის ფასდაუდებელია. გამოხატეს განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული უკეთილშობილესი ქალბატონის, დალი სილაგაძის მიმართ, რომელიც ათეული წლებია დგას მოსწავლეთა განათლების, მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბების სადარაჯოზე, ბევრი ითქვა მის ნიჭიერებასა და უანგარობაზე, ინტელექტსა და მაღალ პასუხიმგებლობაზე, იმაზე, რომ ქალბატონი დალის ლექსებიც არის მისი სულიერებისა და ზნეკეთილობის გამოხატულება და ეძღვნება სწორედ პედაგოგებსა და სკოლას.
 ღონისძიება წყალტუბოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარისა და სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ქალთა საბჭოს და იმერეთის რეგიონალური ქალთა საბჭოს მხარდაჭერით და თეთრა მღვიმის დირექტორის ბატონ გიორგი ტყაბლაძის ხელშეწყობით ჩატარდა.