ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 39 საჯარო და 2 კერძო სკოლაში სწავლა დაიწყო. 521-მა პირველკლასელმა დღეს პირველად შეაღო სკოლის კარი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილემ, გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაკა ჭელიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მამუკა ჩხეტიანმა, ქალაქის ყველა საჯარო სკოლა, ასევე, სოფელ ბანოჯისა და გვიშტიბის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
,,დღეს განსაკუთრებული დღეა, იწყება ახალი სასწავლო წელი, მინდა მივულოცო ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, ვუსურვო წარმატებები, წინსვლა. არაფერია იმაზე ღირებული, ვიდრე განათლებული თაობის აღზრდა, მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე იხარჯება ახალგაზრდების სამსახურში, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ, თუკი ისწავლით, იშრომებთ, წიგნს შეიყვარებთ. მიხარია, რომ ამ რთულ გზაზე გვაქვს წარმატებები, გვყავს 50 ოქროს და 37 ვერცხლის მედალოსანი, სამი 100% გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომლებსაც წელს პირველად დაენიშნებათ მერის სტიპენდია’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული ჯილდო -,,საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი’’- გადასცა მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან სირბილაძეს.
მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ კაკაბაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი ბიზნესმენების: ბესიკ და ოთარ იოსელიანების მიერ სკოლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ.
როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მამუკა ჩხეტიანმა აღნიშნა, მიმდინარე წელს იგეგმება ახალი საჯარო სკოლის აშენება სოფელ ოფშკვითში, ხოლო სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 25 საჯარო სკოლას მოემსახურება უფასო ტრანსპორტი.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა სკოლაში ჩატარდა საზეიმო ღონისძიება, დარიგდა ახალი სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს გადაეცათ კომპიუტერები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან სწავლა 6000-მდე მოსწავლემ დაიწყო.