ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.ქალაქის ცენტრალურ პარკში, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებსა და ასფალტზე ცარცით ხატვით კონკურსში პატარები ხალისით ჩაერთნენ.
ღია სივრცეში ა(ა)იპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა წარადგინა მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა ვოკალური ჯგუფის ,,ოცნების’’, საბალეტო წრის აღსაზრდელებისა და ხალხური საკრავების გუნდის მონაწილეობით.
 მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა მიუზიკლმა ,,მოგზაურობა საჰაერო ბურთით” .
ტრადიციულად მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენები .
კულტურული ღონისძიებები კლასიკური მუსიკის კონცერტით დასრულდა. თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო კლასის მოსწავლეებმა და ვოკალური ანსამბლის “ცისარტყელას” წევრებმა მსმენელთა ტაში და ოვაციები დაიმსახურეს.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, “ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მმართველი ნინო ხურცია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ნინოობას! ყველა პატარას ვუსურვებ უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას! გფარავდეთ წმინდა ნინოს ძალა და მადლი!
ვულოცავ მშობლებს, პედაგოგებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა.
ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, კიდევ უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ
პირველ ივნისს გამართული ღონისძიების ორგანიზება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.