სასწავლო სააღმზრდელო პროცესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

დღეს სასწავლო სააღმზრდელო პროცესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა. აღსაზრდელები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღეს აღმზრდელ-მასწავლებლებმა.
ზაფხულის განმავლობაში ბაღების უმრავლესობა აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, მოწესრიგდა სველი წერტილები და სამზარეულოები, მოეწყო ეზოები და სათამაშო მოედნები. ბაღები უზრუნველყოფილია სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა გურეშიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “საბავშვო ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელი გიორგი იობიძე ადგილზე გაეცნენ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაღის აღსაზრდელებმა და მასწავლებლებმა ნორმალურ და უსაფრთხო გარემოში შეძლონ სასწავლო პროცესის წარმართვა. ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, პრიორიტეტების მიხედვით, ეტაპობრივად ვაგვარებთ და დღეს ბავშვები ბევრად უკეთეს პირობებში არიან. ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მინდა წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო აღსაზრდელებს და მათ მასწავლებლებს”-აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ. საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
ა(ა)იპ წყალტუბოს ბაღების გაერთიანება 23 საბავშვო ბაღს აერთიანებს, რომლებშიც 1500 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.