„გაბზარულ ტბასთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

სოფელ ყუმისთავში, ახალ ტურისტულ ლოკაციასთან „გაბზარულ ტბასთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.
აღნიშნული პროექტი „საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში“ ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
2 კმ-იანი გზის გაკეთება ევროკავშირის გრანტით 1047047 ლარით განისაზღვრა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა ასევე, მოსასვენებელი ადგილებისა და გარე-განათების ქსელის მოწყობა.
დღეს სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა დაათვალიერეს.
„პროექტის განხორციელების შედეგად წყალტუბოში კიდევ ერთი ტურისტული ლოკაციის ინფრასტრუქტურა მოეწყო, გაბზარული ტბა არის ბუნების უნიკალური ძეგლი, რომლითაც განსაკუთრებით ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ინტერესდებიან, ტბის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხელსშეუწყობს სოფლად ტურიზმის განვითარებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზებასა და ახალი საოჯახო სასტუმროების გახსნას’’ აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
გაბზარული ტბის შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს, რომელიც მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ექსტრემის მოყვარული ტურისტებისთვის „გაბზარულ ტბასთან მისასვლელი“ გზა უკვე მზადაა.