კლასიკური მუსიკის კონცერტი ,,თეთრა მღვიმის’’ არაჩვეულებრივ გარემოში გაიმართა

სახალხო დღესასწაულის ,შემოდგომის წყალტუბოს’’ ბოლო მუსიკალური აკორდი იყო კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც ,,თეთრა მღვიმის’’ არაჩვეულებრივ გარემოში გაიმართა.
კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად ესწრებოდა.
,,ჩვენს ქალაქში დღესასწაული გრძელდება, კლასიკური მუსიკის კონცერტმა აღაფრთოვანა ჩვენი უცხოელი სტუმრები, მადლობა ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს, მადლობა თურქეთიდან ჩამოსულ პედაგოგსა და მოსწავლეებს. მზად ვარ ხელი შევუწყო მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში’’-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაყურებელთა წინაშე წარდგნენ ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან ‘’არსებული სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები და ქალაქ ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტთან არსებული სამუსიკო სკოლის მოსწავლეები პედაგოგ თამარ ბარდაველიძე-თორესთან ერთად.
მონაწილეთა გამოსვლები შეაფასა და პატარა მუსიკოსებს წარმატებები უსურვა მაესტრო კახა ცაბაძემ. ქართველმა და თურქმა ბავშვებმა საშემსრულებლო ოსტატობის უმაღლესი კლასი აჩვენეს და მსმენელს უდიდესი ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭეს.
კონცერტის ყველა გამომსვლელს დიპლომები გადასცა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მმართველმა ნინო ხურციამ.