ლიტერატურული სპექტაკლი „დიდი ქართველი“ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ- მუზეუმში

ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 142 წლისთავს მიეძღვნა ლიტერატურული სპექტაკლი „დიდი ქართველი“, რომელიც მწერლის სახლ- მუზეუმში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში გაიმართა. ლიტერატურული კომპოზიცია ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარებული კვირეულის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა.
მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მწერლის შემოქმედება და პერსონაჟთა შთამბეჭდავი სახეების შექმნით ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციეს. „იყიდება, მოუარეთ, აღსდგება“ – ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ინსცენირებულ სიუჟეტებს ისე , როგორც ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებას და ქვეტექსტების დიდოსტატის ნააზრევით მოხიბლულ მსმენელს ფიქრისა და მოქმედების სურვილით ავსებდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს იდეის ავტორებს და ორგანიზატორებს, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ხურციასა და ლიტერატურული სპექტაკლის სცენარის ავტორს, ოქროპირ სვანაძეს, ასევე, თითოეულ მონაწილეს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს თავიანთი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.