ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო საღამო

   წყალტუბოში, დიდი ქართველი შემოქმედის ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ცნობილი ქართველი მწერლები ესწრებოდნენ.
   ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში შეკრებილებმა პატივი მიაგეს მწერლის ხსოვნას, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მხატვრული სიტყვის უბადლო ოსტატის ნაწარმოებები, ისაუბრეს მის ბრძნულ შეგონებებსა და ნიჭიერებზე. აღინიშნა, რომ პანდემიით შექმნილი მდგომარების გამო, წელს საიუბილეო საღამოს ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა მომზადდა დოკუმენტური ფილმი: ,,ოტია იოსელიანის ათი მცნება’’, ასევე გამოიცა ქართული პოეზიის ანთოლოგიის ორტომეული, რომელშიც შესულია ოტია იოსელიანის ცნობილი ლექსი ,,წამოუბერა ზღვაურმა’’
  ,,დღეს ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ბატონმა ოტიამ რომ მხოლოდ დაუღალავი შრომითა და სამშობლოს სიყვარულითაა შესაძლებელი დიდი საშვილიშვილო საქმეების კეთება, რომ ,,ადამიანისგან რაც რჩება- მისი სიცოცხლეც ისაა’’, საბედნიეროდ ოტია იოსელიანის შემთხვევაში ეს სიცოცხლე ისევ გრძელდება და თავის წილ ბედნიერებას აძლევს ყველას, ვისაც მასთან მიახლების, მისი შემოქმედების გაცნობის სურვილი აქვს’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
   ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც თანამედროვე ქართველი მწერლები მაყვალა გონაშვილი, ბაღათერ არაბული, ბადრი ქუთათელაზე, ზაალ ბოტკოველი, ახალგაზრდა პოეტები: ეკა ქაჯაია და ლევან გორვანელი, ფილოლოგი ლილი გელენიძე მონაწილეობდნენ.
,,წელს უნდა ჩატარებულიყო ქართული მწერლობის მსოფლიო ფესტივალი, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩამოსული ცნობილი მწერალი დაესწრებოდა, დაგეგმილი იყო ბევრი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის ოტია იოსელიანის 90 წლის იუბილე, გოგლა ლეონიძის იუბილე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. გადავწყვიტეთ, რაც ყველაზე სანუკვარი იყო ჩვენთვის არ დაგვეკარგა და პატივი მიგვეგო იმ ადამიანებისადმი, ვინც გამორჩეულად გვიყვარდა და ვინც ერის უკვდავების სიმბოლოა, ერთ- ერთი ასეთი სახეა ოტია იოსელიანი. ,, ცალ ხელში ჯვარი -მეორეში წიგნი’’ ეს არის ამ დიდებული მწერლის და ჩვენი ქვეყნის დევიზი’’- განაცხადა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს თანადგომითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.