საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ურბანული განახლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქალაქ წყალტუბოში, მეორე საჯარო სკოლასთან მისასვლელი მრავალსაფეხურიანი კიბეების აღდგენის, გოგებაშვილის ქუჩაზე N2 ბინის მიმდებარედ გზის დაგებისა და სოფელ მაღლაკში, მე-8 და მე-9 ქუჩებზე გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
,, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემების მოგვარება და ქალაქის ურბანული განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში. ათეული წლების შემდეგ, დაიწყო შანიძისა და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაცია პროექტის განხორციელების შედეგად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა კიბეების საფეხურები, გაკეთდება მოაჯირები, შესრულდება გამწვანებისა და განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები, პარალელურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც ქალაქში, ასევე რამდენიმე სოფლებში, სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ვადების დაცვით’’-განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით ათი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 7 სოფელსა და ქალაქის 2 უბანში, მოეწყო ორი მინი სპორტული მოედანი, დაიწყო მუსიკალური სკოლის ფასადის შეკეთების სამუშაოები.