შეხვედრა წყალტუბოსთან დამეგობრებულ ქალაქ უნგენში საზაფხულო ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან

წყალტუბოელ ახალგაზრდებს მწვანე ქალაქის პოპულარიზაციის, მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის, ახალი პროექტებისა და იდეების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ – ეს ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დღეს ახალგაზრდებს გააცნო.
შეხვედრას წყალტუბოსთან დამეგობრებულ ქალაქ უნგენში საზაფხულო ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები: ნინი ალავერდაშვილი, ნინი ჭელიძე და საბა ბოდოკია ესწრებოდნენ, რომლებმაც უნგენში ვიზიტისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
დიალოგის ფორმატში მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ქალაქის მართვის პროცესში მათთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
,,წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის რეალიზება, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, ახალი კავშირების დამყარება და ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა არის ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპი, მზად ვარ ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით განვახორციელო ყველა ის პროექტი, რომელიც წყალტუბოს წარმოჩენას, მომავალი თაობის ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს’’- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრას ასევე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და მერის მრჩეველი ნესტორ აფხაძე ესწრებოდნენ.
 განათლების ხელშეწყობის მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებისთვის სტიპენდიის მიცემის პროგრამა მიმდინარე წელს დანერგა, სამომავლოდ ამ მხრივ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებიც განხორციელდება.