სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა და დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღანელმა ნათია კოპალიანმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალი.
  წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ გადაიხადა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების პანაშვიდი.
  ,,ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ სოხუმი და აფხაზეთი, მშვიდობიანი პოლიტიკით, მომავლის რწმენითა და მიზანმიმართული ქმედებებით. აფხაზეთის ომს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც სიცოცხლე გმირულად შესწირეს სამშობლოს, მათ შორის არიან წყალტუბოელი ახალგაზრდებიც, ვალდებულები ვართ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გვქონდეს რწმენა იმისა, რომ სოხუმში კვლავ აფრიალდება ქართული დროშა და აფხაზეთი ისევ გახდება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი’’- განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
  სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.