სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წარმოდგენა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. მოეწყო ნუმიზმატური მონეტების გამოფენა, თემატური ნახატების კონკურსი და ოლიმპიური ვიქტორინა.
ღონისძიებაში ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის ფრენბურთელი გოგონები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოს წარადგენენ მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, სერბეთის – დედაქალაქ ბელგრადში.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ მადლობა გადაუხადეს გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორს მაია მამისეიშვილს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის და სიგელი გადასცეს.
მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ვეტერანმა მოჭიდავემ თეიმურაზ აფხაზავამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით გორდელაძემ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის მთავარმა ექიმმა მერაბ კვიცარიძემ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ იმერეთში – ლევან როხვაძემ და წყალტუბოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა კილაძემ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული გუნდები და სპორტსმენები სიგელებით დააჯილდოვეს.
საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაციის ორგანიზებით სპორტის ამ სახეობაში საჩვენებელი ტურნირი გაიმართა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჭადრაკსა და კალათბურთში შეეჯიბრნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იმერეთის ოლიმპიური კომიტეტი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია იყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენელმა ლიკა გუგუსიანმა ოლიმპიური დროშა და მომავალი წლის 6 აპრილის აღნიშვნის ესტაფეტა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს გადასცა.