თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, საკრებულოს წევრმა ხათუნა მაღლაკელიძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს, მეორე მსოფლიო ომში ქართველების წვლილი დიდია, სწორედ ამიტომ თაობებს გადაეცემა ჩვენი ჯარისკაცების გმირობის ამბები, თითოეული მათგანი იბრძოდა მშვიდობისა და მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა ვეტერანებისადმი, ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ეს ღირსეული ადამიანები’’- განცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე, ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, როგორც წყალტუბოს საპატიო მოქალაქემ, მუზეუმის დამაარსებელმა, ღირსების ორდენის კავალერმა ქალბატონმა ციალა ღვინიანიძემ აღნიშნა, უცნობი ჯარიკაცი წყალტუბოში 1973 წელს მარუხის უღელტეხილიდან ჩამოასვენს.
 ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ორი ვეტერანია ცოცხალი: გიორგი ჭეიშვილი და დიომიდე ჯოჯუა, რომლებმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი მიიღეს.
სულ მეორე მსოფლიო ომში 12 480 წყალტუბოელი ჯარისკაცი იბრძოდა. ყველა სანატორიუმი ევაკო–ჰოსპიტალად იყო გადაკეთებული, სადაც 80 ათას დაჭრილს ჩაუტარდა მკურნალობა, 223 ჯარისკაცი სოფელ გვიშტიბში ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.