ციალა ღვინიანიძის წიგნების პრეზენტაცია

წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წყალტუბოს საპატიო მოქალაქის, მუზეუმის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანლის, ღირსების ორდენის კავალრის, იმედის დღის გმირის – ციალა ღვინიანიძის წიგნების: „ხომული“, „ჯიმასტარო“, „გუმათი“, „ჟონეთი“, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებლის, პროფესორ ავთანდილ იოსელიანის შვილიშვილი, ზაზა იოსელიანი და მეუღლე, თიკო გობეჯიშვილი, ესწრებოდნენ.
ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო როლისა და ციალა ღვინიანიძის, როგორც კულტურის ამ დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლის შესახებ, სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა, ია კუხალაშვილმა ისაუბრა.
ციალა ღვინიანიძის ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების მიმოხილვით საზოგადოების წინაშე სოფელ ხომულის სასოფლო ბიბლიოთეკის გამგე, თამილა ერისთავი, გუმათის საჯარო სკოლის დირექტორი, ელისო დანგაძე და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი ლალი მეშველიანი წარდგნენ.
წყალტუბოში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებისა და განვითარების საქმეში ციალა ღვინიანიძის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ ღვაწლზე გაამახვილეს თავიანთ გამოსვლებში ყურადღება მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა.
,,სასიხარულოა, რომ 92 წლის ასაკში წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ციალა ღვინიანიძე, დღესაც ჩვეული შემართებით აგრძელებს სამეცნიერო მუშაობას, მან ფაქტობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ისტორია დაწერა, შექმნა ღირებული და შთამბეჭდავი არქივი, მომავალ თაობას დაუტოვა საინტერესო მასალები წყალტუბოს წარსულის შესახებ, მადლობა ქალბატონ ციალა ღვინიანიძეს მაღალი პასუხისმგებლობისა და დაუღალავი მოღვაწეობისთვის’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
ქალბატონ ციალას იუბილე მიულოცეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მმართველმა რევაზ მესხმა, მოადგილემ ლილი გელენიძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ვახტანგ ნადარეიშვილმა, ისტორიკოსმა და თეოლოგმა რამაზ (ბაჩო) იოსელიანმა, პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, სოფელ საჩხეურის სკოლის დირექტორმა გოჩა ძნელაძემ, პუბლიცისტმა თეიმურაზ ჯანელიძემ, საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელის’’ ხელმძღვანელმა გელა ხუნწარიძემ და სხვებმა.
,,მუზეუმების დაარსებას, ექსპონატების შეგროვებასა და შესწავლას, ექსპედიციებსა და კვლევებს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევალიე, ამიტომ უკვე თამამად შემიძლია ისიც ვთქვა, რომ მუზეუმი ჩემი შვილია, ძიებისა და შრომატევადი მეცნიერული კვლევის გზაზე იყო სირთულეები, თუმცა ყოველთვის დაუღალავად ვშრომობდი კულტურული საგანძურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის. შევადგინე და გამოვეცი წყალტუბოს თითქმის ყველა სოფლის ისტორია, ვარ 48 წიგნის ავტორი, ამჟამად გამოსაცემად კიდევ ორ წიგნს ვამზადებ, მადლობა თვითმმართველობის პირველ პირებს, კულტურის დარგის წარმომადგენლებს, გულთბილი მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის-‘’განაცხადა ციალა ღვინიანიძემ.
ციალა ღვინიანიძე 1969 წლიდან ეწევა სამუზეუმო-სამეცნიერო საქმიანობას. არის აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სოფელ დერჩში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმისა და სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი, 48 წიგნის და ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.