წყალტუბოს მერი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნა. ასევე, განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით რეგიონის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
 შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული პროექტები – სტრატეგიული დაგეგმვიდან კონკრეტული ინიციატივების განხორციელებამდე. ასევე ისაუბრეს M4EG წევრებისთვის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაზე.
 საგრანტო პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხებიდან კონკურსის შედეგად შერჩეულ თითო მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა თავისი იდეის განსახორციელებლად 60,000 ევრო მიიღოს.
 საგრანტო პროგრამა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (UNDP) წელს გამოცხადებული ახალი რეგიონული პროექტის M4EG ფარგლებში ხორციელდება. მისი პირველი ეტაპი 2017 წლიდან 2021 წლამდე მიმდინარეობდა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
 ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.