წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერმა მრჩეველთა საბჭოს ქალაქ წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, ასევე ისაუბრა სასმელი წყლის მსხვილმასშტაბიანი პროექტებისა და ახლო მომავალში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ ჯანელიძემ და საბჭოს წევრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პირველი პირისგან.
მრჩეველთა საბჭოზე მოწვეული იყოს „ LAG წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ წარმომადგენელი ლეილა აშორდიაც, რადგან მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფლების პროექტი ორგანიზაციის მიერ დაფინანსდა და წყალტუბოს მერიაში საკონფერენციო დარბაზის გახმოვანების სისტემა დამონტაჟდა.
მრჩეველთა საბჭოზე მერის მრჩეველმა, ირმა ხელაძემ მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ პროგრამებზე და გენდერულ საკითხებზე შექმნილი საინფორმაციო ბროშურები წარადგინა.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, შპს „ჰერბიას“ დამფუძნებელმა, ზურაბ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა წყალტუბოს მერს და გამოთქვა მზადყოფნა შეუერთდეს „სიკეთის აქციას“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის 10 შეჭირვებულ ოჯახს სხვადასხვა  პროდუქტით და  ნივთებით მოამარაგებს.
შეხვედრის დასასრულს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, მანანა ჩიხლაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც წყალტუბოს ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ევროპული სამედიცინო ცენტრი (დირექტორი მანანა ჩიხლაძე), თვეში ერთხელ ჩაუტარებს უფასო სამედიცინო ლაბორატორიულ
გამოკვლევას, ექოსკოპიას, სპირომეტრიას, ფილტვის ფუნქციონალურ დიაგნოსტიკას სოციალურად დაუცველ სამ პირს.