წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და 2023 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და 2023 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
გენადი ბალანჩივაძემ ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა 2023 წელს 120 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გ. ტაბიძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე განახლდა 15 საცხოვრებელი კორპუსი, მოეწყო საზოგადოებრივი სივრცეები, 34 სოფელსა და ქალაქის -2 უბანში მოწესრიგდა გზები, დაიწყო წყალარინების ქსელის მოწყობის მასშტაბური პროექტი, სასმელი წყლის ქსელი მოწესრიგდა 7 სოფელში, ავალიანის, რუსთაველის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მოეწყო სანიაღვრე სისტემები, განახლდა სოფელ დღნორისისა და საჩხეურას დამაკავშირებელი ხიდი, დასრულდა ლეხინდრისთავი- საჩხეურას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი და დაიწყო წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. დასრულდა N 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები და დაიწყო ახალი, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენეს ორ სოციალურად დაუცველ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუძინეს 20 -ამდე შეჭირვებულს, მერის სტიპენდია დაუნიშნეს 4 წარმატებულ სტუდენტს.
,, 2024 წელს ვგეგმავთ არაერთი მასშტაბური და მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი პროექტის განხორციელებას, დაიწყება ცენტრალური პარკის და ცივი ტბის მიმდებარე რეკრეაციული სივრცის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტი, განახლდება თამარ-მეფის ქუჩაზე არსებული კორპუსები, გაგრძელდება გზების რეაბილიტაცია, მთავარი პრიორიტეტი კვლავ იქნება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, სწორედ ამ მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 29 400.0 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 4 485 ,1 ათასი ლარით არის გაზრდილი’’-განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ პრეზენტაცია მერიის საფინანსო და საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ფატი გაგოშიძემ წარადგინა, საბჭოს წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტების, საშემოსავლო ნაწილის, გადასახდელების მოცულობის შესახებ.
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მიმდინარების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ირმა ხელაძემ გააცნო.
სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ჯანელიძე უძღვებოდა. საბჭოს წევრებთან ერთად საკითხების განხილვაში მერიის სამსახურების უფროსები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.