წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ გეგუთის მოსახლეობას შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ გეგუთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე აღნიშნულ სოფელში არსებული საბავშვო ბაღის განახლებისა და ახალი ფართის დამატების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება, პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.
,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღი კიდევ უფრო კეთილმოწყობილი გახდება, დაემატება ფართი, სრულად განახლება შენობის ფასადები, ინტერიერი, გაკეთდება ყველაფერი, რათა ბავშვებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება, სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში გაგრძელდება’’ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საკითხზე გამართულ შეხვედრას მერთან ერთად, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე, მერის მრჩეველი ნიკა აფხაძე და საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი გიორგი იობიძე ესწრებოდნენ.
სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
სოფელ გეგუთში, ასევე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, ადგილობრივებს ხელი მიუწვდებათ ყველა სახელმწიფო სერვისზე.