წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილე გია კვასტიანი ესწრებოდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები და მაისის თვეში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილეს.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვისას ცალკე ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურას. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს კოპიტნარის დასახლებასა და სოფელ ფარცხანაყანევში. ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში უკვე შეტანილია გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა. ამასთან, დაგეგმილია „სათაფლიის“ მღვიმის მიმართულებით არსებული გზის რეაბილიტაციაც.
გზების მიმართულების გარდა, საუბარი შეეხო ტურისტული სეზონისთვის მზადებას, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების ქსელის მოწყობას. აღინიშნა, რომ ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე, დაწყებულია საკომპოსტე საწარმოს მშენებლობა.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მზადდება მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. სოფელ წყალტუბოში იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა. დაგეგმილია ქალაქის ტერიტორიაზე მოსაცდელებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა, ასევე დეკორატიული მაგიდებისა და სკამების განთავსება.
შეხვედრაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნათია ჩაკვეტაძემ, ისაუბრა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ხუთი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის დანერგვის შესახებ.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, რიმა მარგიანმა, შეხვედრის მონაწილეებს მაისის თვეში დაგეგმილი კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები გააცნო.